logo image

პროექტი 12

 

მუდმივად თანამედროვე პეტრე ოცხელი  მისი დაბადებიდან 110 წლისთავზე თიბისიმ, ხელოვნების სასახლემ და ახალგაზრდა არტისტებმა კიდევ ერთხელ აღმოაჩინეს.   

-როგორ შეიძლება მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ჩვენს დროში შეიქმნას ფორმა?
-როგორ განვაახლოთ კავშირი წარსულთან, ისე, რომ თან ახალი, საინტერესო და ღირებული შევქმნათ?
-როგორ მიესადაგება ავანგარდის ისტორია თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებს?

ამ კითხვებისა და ოცხელის ნამუშევრების ინსპირაციით, პროექტ 12-ისთვის ახალი თაობის ხელოვანებმა  დღევანდელი არტი შექმნეს.

ოცხელთან ერთად, პროექტის მთავარი გმირები სწორედ დამწყები ხელოვანებიც  არიან. ის არტისტები, ვინც გამორჩეული ქართველი მხატვრის გზავნილები თანამედროვე ხელოვნების ვიზუალურ, ციფრულ, აუდიო, არქიტექტურულ თუ სხვა განზომილებებში გადაიტანეს.  თიბისის პროექტ-გამოწვევაში ისინი ეძებდნენ ფორმისა და ისტორიის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კულტურული ღირებულებების კავშირებს.     

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ესაა: პეტრე ოცხელის მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, ხელოვნებაში იდეისა და ფორმის განახლება; ოცხელის გააზრება, როგორც არტისტის, რომელიც წარსულისა და აწმყოს ძლიერი მაკავშირებელია.

12 ხელოვანიდან, რომლებმაც 12-ისთვის 12 ნამუშევარი შექმნეს, ზოგიერთის სახელი პირველად შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდან შეიტყოთ. მონაწილეებისთვის პროექტი პირველი მასშტაბური პლატფორმაა, რომლითაც თიბისი მათ ნამუშევრებს მრავალმხრივ აუდიტორიას წარუდგენს.  

აღმოჩნდა, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე გამორჩეული ქართველი მხატვრის თითქმის 100 წლის წინანდელი ნამუშევრები, რომლებიც ფორმითა თუ იდეით საკუთარ დროს ბევრად უსწრებდნენ, დღეს ინტერპრეტირების უამრავ შესაძლებლობას იძლევა...  მაგალითად: არის თუ არა ოცხელის „მფრინავი მღებავი“ ამერიკული ბეტმენის წინაპარი? - ეს კითხვა ხელოვნებათმცოდნეებმა დასვეს. ახალი თაობის არტისტები კი მფრინავი მღებავისა და ოცხელის სხვა პერსონაჟებში თანამედროვე სუპერგმირებს ხედავენ.  

12-ის წლევანდელი ნამუშევრები ხელოვნების თანამედროვე, ალტერნატიულ, შესაძლოა, აუდიტორიისთვის ნაკლებად ცნობილ მედიუმებშია შესრულებული. მათ შორის შეგხვდებათ მუდმივად თანამედროვე ოცხელის 3-განზომილებიანი მფრინავი მღებავი და მისი ციფრული არტის ვერსია; ოცხელი -  გაცოცხლებული გრაფიტიში, ნეონში - რომელიც განათების ხელოვნებაა, სამკაულებში, სკულპტურულ ინსტალაციაში, აუდიო-ვიზუალურ არტსა და „კრაფტისგან“ ოცხელისვე გაფორმებული სპექტაკლის მიხედვით შექმნილ ანიმაციაში.

ამ ნამუშევრების უმრავლესობა სპეციალურად პროექტ 12-ისთვის შეიქმნა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ “12”-მა ზოგიერთი მათგანით საქართველოში ხელოვნების მსგავსი მედიუმის პირველი პრეცედენტი შემოგვთავაზა. თიბისის პლატფორმა მათ უკვე სხვა არტისტებს და ხელოვნების მოყვარულებს მომავალი ინსპირაციისთვის სთავაზობს.

მაგალითად, მასშტაბური სკულპტულური ინსტალაცია, რომელიც გიგი შუკაკიძემ  ოცხელის სპექტაკლის მიხედვით შექმნა და ერთბაშად თეატრის, კინოსა და ბელვედერის სივრცეებს რეალურ მასშტაბებში მოიცავს, თბილისში, გაშლილ სივრცეში განთავსდება. ის ქალაქის პირველი მსგავსი პროექტი - არტ-ინსტალაცია იქნება.  საქართველოში სახელოვნებო თემატიკაზე შექმნილი ანიმაციის პირველ პრეცედენტს  თემო მაჭავარიანის მიერ, არტისტების ჯგუფთან ერთად აწყობილი ანიმაცია ქმნის, რომელიც საინტერესო კიდევ იმითაა, რომ “კრაფტით” არის შესრულებული.

პროექტში ჩართული ყველა არტისტის, მათი ინსპირაციისა და ნამუშევრების შესახებ დეტალურად სწორედ ამ ვებგვერდზე შეიტყობთ.  

 

პროექტი 12 პეტრე ოცხელისადმი მიძღვნილ თიბისის პროექტებსა და ღონისძიებებს ერთგვარად აჯამებს. 2017 წელს, მხატვრის 110 და თიბისის 25 წლის საიუბილეო წელიწადში, პირველი ეტაპი ნამუშევრების რესტავრაცია იყო. ეს პროცესი უნიკალური გამოდგა იმითაც, რომ ხელოვნების სასახლესთან ერთად, რომელიც ოცხელის გამორჩეულად საინტერსო კოლექციას ფლობს, რესტავრატორებმა ოცხელის ჯერ კიდევ უცნობი ჩანახატები აღმოაჩინეს.

პეტრე ოცხელის ახალი, რესტავრირებული, თუ უკვე ცნობილი ნამუშევრების გამოფენამ „თიბისი გალერეაში“ საქართველოს მასშტაბებით რეკორდული რაოდენობის - 8 000-მდე სტუმარს უმასპინძლა. მათ შორის იყვნენ ბავშვებიც და სკოლის მოსწავლეებიც -  ახალ თაობაში ხელოვნებისადმი ინტერესის გასაღვივებლად და პეტრე ოცხელის უკეთ გასაცნობად, თიბისი დამთვალიერებელს „ვირტუალური რეალობის“ მოწყობილობებსაც სთავაზობდა.

პეტრე ოცხელისადმი მიძღვნილი, თიბისის 2017 წლის აქტივობები, ახალგაზრდა არტისტების წარდგენასთან ერთად, ჟურნალ „ინდიგოს“ ნომერშიც მოიყრის თავს - „ინდიგოს“ სპეციალური ნომერი მთლიანად ოცხელის შემოქმედებას ეძღვნება.   

ხელოვნების პოპულარიზაციისა და მისი მასშტაბურ აუდიტორიასთან მიტანის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი, რომელიც გასულ წელს თიბისიმ „ვიზასთან“ ერთად წამოიწყო, არტის ფეისტიკერზე გადატანა იყო. წელს ეს ტრადიცია გრძელდება, თუმცა ერთი მნიშვენლოვანი შტრიხის დამატებით  - ფეისტიკერზე თვითონ პეტრე ოცხელის ნამუშევარიც გამოჩნდება.

მიუხედავად იმისა, რომ თიბისიმ ოცხელის შემოქმედების პოპულარიზაცია, მასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო პროექტები, ექსპერიმენტები და ახალი თაობის ხელოვანების წარდგენა 2017-ში, მხატვრის საიუბილეო წელში წამოიწყო, ეს კამპანია 2018-ში არ შეწყდება.  ოცხელით ინსპირირება წელსაც გრძელდება და თიბისი მუდმივად თანამედროვე ხელოვანის შთაგონებით უკვე ახალ პროექტებს გეგმავს.