logo image

თემო მაჭავარიანი
 

თემო მაჭავარიანი 35 წლის გრაფიკული დიზიანერია, მუშაობს ლაით არტში. თუმცა მისი ინტერესების სფერო მრავალმხრივია. მოსწონს სხვადასხვა საქმის კეთება და მიიჩნევს, რომ მხოლოდ ერთ ხაზზე სიარული მოსაწყენია. მუშაობს როგორც სხვადასხვა პროექტის გრაფიკულ დიზაინზე, ისე კლუბებისა და ბარების ვიზუალურ მხარეზე. ცოტა ხნის წინ ბარიც გახსნა. ყველაზე ხშირად იდეები სირბილის დროს ებადება, მერე ისინი ნელ-ნელა უფრო მკაფიო ხდება და ტელეფონში ან ფურცლებზე გროვდება. ბოლოს კლუბ „გეითის“ პოსტერებზე იმუშავა. მოსწონს, რომ ქალაქში მისი გრაფიკული ნამუშევრები ნეონებად იქცევა.

 

პეტრე ოცხელის შესახებ

ჩემთვის პეტრე ოცხელი ისეთი თანამედროვე და ისეთი მასშტაბური მხატვარია, რომ მიკვირს, დიზაინერები მის ტანსაცმელს რატომ არ უშვებენ, ანდა მისი სახელობის ქუჩა ან გაჩერება რატომ არ გვაქვს.

 

ნამუშევარი პროექტ 12-ისთვის

ჩემი ნამუშევარი ლაით არტშია შესრულებული. ქუჩაში, დიდ კედელზე იქნება გამოსახული. ეს მფრინავი მღებავია, ოღონდ – მუზარადიანი ვერსია. ნახატის შესაბამისად, განათებაც ოქროსფერშია გადაწყვეტილი. მიფიქრია, თვითონ ცოცხალი რომ იყოს, ალბათ ძალიან გაუხარდებოდა, საკუთარი ნამუშევრები სადმე, ქალაქში, ნეონის ფერებში განათებული რომ ენახა. დარწმუნებული ვარ, ბედნიერი იქნებოდა, რომ ამდენი წლის მერე, ისევ ძალიან აქტუალურია. ამის წარმოდგენაზე, კიდევ უფრო მეტი მონდომებით ვათვალიერებდი ქალაქში ადგილებს – ვაკვირდებოდი შენობების კედლებს, ფერებსა და ფაქტურებს. ვფიქრობდი, სად უფრო მოუხდებოდა ნეონის განათება; სად უფრო მოახდენდა მუზარადიანი მფრინავი მღებავი ეპიკურობის ჩაფიქრებულ ეფექტს. საბოლოოდ, რუსთაველის მეტროსთან მდებარე დიდი კედელი შევარჩიეთ, სადაც ნეონის ნამუშევარი მთელ ზედაპირს აითვისებს. ცოტა ხანს აუცილებლად დარჩება იქ – გაანათებს კედელს და მერე საით გაფრინდება, რას შეღებავს, ჯერ არ ვიცი.