logo image

მარიამ საშა
 

მარიამ საშა სარეკლამო კომპანია „ჰოლმსი და უოტსონის“ გრაფიკული დიზაინერია. 2016 წელს სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც თითქმის 2 წლის განმავლობაში თიბისი ბანკის დიზაინერად მუშაობდა.

 

პეტრე ოცხელის შესახებ


პეტრე ოცხელის ნამუშევრების დანახვა და შეფასება დღეს ბევრად უკეთ შეგვიძლია, ვიდრე მისი ეპოქის ადამიანებს შეეძლოთ. სამყაროს კიდევ უფრო ინტენსიურად აღსაქმელად იმდენი ახალი ვიზუალური მეთოდი არსებობს, რომ ეს ყველაფერი ოცხელის მოდელირებულ გარემოს უფრო ახლობელს, გასაგებს ხდის. ამიტომ მგონია, რომ პეტრე ოცხელი კიდევ დიდხანს დარჩება შთაგონების წყაროდ მომავალი თაობის არტისტებისთვის.

 

ნამუშევარი პროექტ 12-ისთვის


იმ პერიოდში, როცა პროექტ 12-ში ჩართვა და პეტრე ოცხელის პერსონაჟების საკუთარი ინტერპრეტაციით გაცოცხლება შემომთავაზეს, ჟან ბოდრიარის წიგნს – „სიმულაკრები და სიმულაციები“ – ვკითხულობდი. მღებავი, სიმულაცია, ბოდრიარი, თანამედროვე სამყარო და ოცხელი, რომელიც მუდმივად „დღევანდელია“ – ეს ყველაფერი გავაერთიანე ერთ თანამედროვე არსებაში, რომელიც ციფრულ სამყაროში იმდენად ხელახლა ქმნის თავის თავს, რომ საკუთარ თავსაც თვითონ ღებავს, ოღონდ, არა – ფუნჯით. 

ჩემი თანამედროვე მღებავი ფერებით დამუხტული RGB თოფით „ისვრის“ პიქსელებს, რითაც საკუთარი გამოსახულების გვერდით თავის ახალ ვერსიას ქმნის. „მფრინავი მღებავი“ ახლა უკვე ყოველი ადამიანი შეიძლება იყოს – ნებისმიერი, ვინც თავს ინტერნეტსივრცეში ინტენსიურად ავლენს; ვინც საკუთარ თავზე იმდენ ინფორმაციას გასცემს, იმდენ იმიჯს ავრცელებს, რომ მისი RGB პიქსელებისგან შემდგარი ციფრული ვერსია დროთა განმავლობაში ამ სხვა განზომილებაში ხელახლა იქმნება.

იმიჯი რეალური პიროვნების მხოლოდ სიმულაციაა, თუმცა, ეს სიმულაცია მძლავრია და თან განვითარებადიც. ნელ-ნელა მისგან ყალიბდება ციფრული „მე“ და ის რეალობაზე ზემოქმედების უნარსაც იძენს. ეს მოვლენა ადამიანს სუპერპოზიციაში ამყოფებს, თითქოს, ის მობიუსის ლენტზე იდგეს.

„ერთხელ და სამუდამოდ“, – აი, ეს სიტყვები შეეფერება პეტრე ოცხელს. რაც ერთხელ არის ორიგინალური, ამ მდგომარეობას არასოდეს ტოვებს – ასეთია პეტრე ოცხელი“.