logo image

ნიკოლოზ კაპანაძე

 

ნიკოლოზ კაპანაძე გერმანიაში მცხოვრები 23 წლის ვიზუალური არტისტია. ძირითადად მუშაობს ინტერაქტიულ ინსტალაციებზე, პროექციებსა და ვიდეოებზე. გერმანიაში ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის სასწავლად წავიდა, მოგვიანებით ციფრული  მედიით დაინტერესდა და ახლა მაგისტრატურაზე უკვე ამ მიმართულებით სწავლობს. ეს პროცესი მოსწონს, რადგან ბევრ ისეთ ხელსაწყოზე აქვს წვდომა, რაც იდეების ხორცშესხმის საშუალებას აძლევს. პროგრამირება და ციფრული მედია ბავშვობიდან იტაცებდა. მოსწონს  ინტერაქტიული ტექნოლოგიები, მაყურებლის ნამუშევარში ჩართვის იდეა. ბერლინში თავს ძალიან თავისუფლად გრძნობს, ფიქრობს, რომ იდეალური ქალაქია სტუდენტებისა და არტისტებისთვის, თუმცა, სწავლის დასრულების შემდეგ მაინც საქართველოში ფიქრობს დაბრუნებას.

 

პეტრე ოცხელის შესახებ

პეტრე ოცხელმა საუკუნის წინ მიაგნო რაღაც სრულიად ახალს, რაც კიდევ უფრო გამოჩნდებოდა, რომ არა სოციალისტური რეალიზმი კულტურაში, რომელიც იმ პერიოდში იმკვიდრებდა თავს. სწორედ ამ მიმდინარეობის გაბატონებამ გამოიწვია ის, რომ პეტრე ოცხელის მკაფიოდ გამორჩეული მომავლის ხედვა მიუღებელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. თუმცა, საბოლოოდ, სახელოვნებო დისკურსი მის ესთეტიკას კვლავაც მიუბრუნდა, სხვანაირად არც გამოვიდოდა. პეტრე ოცხელის აქტუალურობა კიდევ ერთხელ დადასტურდა და კარგად გამოჩნდა მისი წინსწრება დროსთან.

 

ნამუშევარი პროექტ 12-ისთვის

 

პროექტ 12-ისთვის პეტრე ოცხელის ორი სცენოგრაფიული ნამუშევარი შევარჩიე. ისინი, თავის დროზე, ჰენრიკ იბსენის პიესის, „მშენებელი სოლნესის“ დადგმისთვის შეიქმნა, ჩემზე კი დიდი შთაბეჭდილება ზედმიწევნით მინიმალისტური ხასიათითა და ზუსტი გეომეტრიული ფორმებით მოახდინა. ერთ-ერთ მათგანში ოცხელს გამოუყენებია პროჟექტორი, რომელიც დღესაც კი ძალიან თანამედროვედ გამოიყურება. ეს კი ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ ოცხელის ასი წლის წინ შექმნილი ნამუშევარი უკვე შეიცავს იმ მედიუმის საწყისებს, რომელშიც თანამედროვე არტისტები ვმუშაობთ.

გადავწყვიტე, რომ ნამუშევარი 3D-ში იქნებოდა. ამისთვის ჯერ ოცხელის ესკიზების მიხედვით შევქმენი ქაღალდის მაკეტი, რომელიც შემდეგ ამოვჭერი და ავაწყვე. ზედ მივანათე სხვადასხვა ეფექტში გატარებული, ინტერნეტში ნაპოვნი ვიდეომასალა, შემდეგ კი ამ პროექციებით გაფორმებული მაკეტი კამერით გადავიღე და მიღებული გამოსახულების 3D მოდელად გარდაქმნა ვცადე.

ასე რომ, მუშაობის საბოლოო შედეგი არის სამწუთიანი ვიდეო, რომელიც პეტრე ოცხელის ნამუშევრებს ახალ მედიუმებში აცოცხლებს.

გაჩა ბაქრაძე

გაჩა ბაქრაძე მუსიკოსი და ელექტრონული მუსიკის პროდიუსერია. მუსიკის ინტერესი 10 წლის ასაკში გაუჩნდა, თავიდან გიტარაზე დაკვრით დაიწყო. მოგვიანებით ჯგუფ Boards of Canada-ს მოუსმინა და საბოლოოდ მიხვდა, რომ თვითონაც მუსიკა უნდა დაეწერა. პირველი პროფესიული გამოცდილება ჯგუფი Me and My Monkey იყო, ამის შემდეგ უკვე ელექტრონულ მუსიკაში გადაინაცვლა და მარტომ დაიწყო მუსიკის კეთება. თავის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად R&S Records-თან თანამშრომლობას მიიჩნევს: მისი ტრეკის Remember ფეისბუკზე დადების შემდეგ კომპანიის პროდიუსერი თავად გამოეხმაურა და თანამშრომლობა  შესთავაზა. ამ ლეიბლთან მის საყვარელ მუსიკალურ პროექტს, Aphex Twin-ს არაერთი ალბომი აქვს ჩაწერილი. 2015 წელს პირველი ალბომი გამოსცა, სახელწოდებით Send Two Sunsets. რასაც მალე მეორე ალბომი Restless მოჰყვა. ცოტა ხნის წინ, მეგობრებთან ერთად, რეკორდ-ლეიბლი Transfigured Time დააარსა.

 

პეტრე ოცხელის შესახებ

პეტრე ოცხელმა, უკიდურესად შეზღუდული გარემოფაქტორების მიუხედავად, ინდივიდუალური სტილის, ხედვისა და არტისტული მანევრების ჩამოყალიბება მოახერხა. ოცხელის კვლევის სურვილი ბუნებრივად ჩნდება თანამედროვეობაში, რადგან მისი ნამუშევრები, ხასიათები, თეატრის მხატვრობა თუ არქიტექტურული ფორმები სწორედ თანამედროვე კულტურასთან არის ახლოს. შესაბამისად, პირველი, რაც მისი ნამუშევრების თვალიერების დროს გაოცებს, ისაა, თუ როგორ მოახერხა ძალიან ახალგაზრდა, სოციალისტური რეალიზმის პირობებში მცხოვრებმა მხატვარმა, მომავლისთვის ასე აქტუალური ნიმუშების შექმნა. პეტრე ოცხელი ძალიან ახლოს დგას ჩვენთან, თანამედროვე ადამიანებთან და, შესაბამისად, მისი ნამუშევრების თვალიერებისას ოდნავაც არ გვიჩნდება გაუცხოების, დისტანციის განცდა.

 

ნამუშევარი პროექტ 12-ისთვის
 

ოცხელის შემოქმედებას საუნდზე მუშაობის პროცესში გავეცანი და შევეცადე, ვიზუალური მასალა და საერთოდ მისი ესთეტიკა თანამედროვე ჟღერადობისთვის მომერგო, უფრო კონკრეტულად კი, იმ მუსიკისთვის, რომელზეც ბოლო პერიოდში ვმუშაობ.

ჩემი საუნდი ნიკოლოზ კაპანაძის ვიდეოს ახლავს. ჩვენი თანამშრომლობის შედეგად ოცხელის სცენოგრაფიული ნამუშევრების თანამედროვე სახე და ჩემი მუსიკა ერთიანდება. ეს არის ორი თანამედროვე მედიის სინთეზი, რომელიც გვაძლევს საშუალებას პეტრე ოცხელის ნამუშევრები სულ სხვაგვარად წავიკითხოთ.