logo image

გურამ ქვარცხალაია, შალვა ცხოვრებაძე, ოთო ლეჟავა
 

გურამ ქვარცხალაია, შალვა ცხოვრებაძე და ოთო ლეჟავა – ეს არტისტული კოლაბორაციაა, რომელმაც stop motion-ის ტექნიკითა და პეტრე ოცხელის ნამუშევრის მიხედვით ორიგინალური სცენოგრაფია შექმნა. გურამმა და შალვამ იდეის ხორცშესხმაზე იმუშავეს, ოთო ლეჟავა კი პროდიუსერია. მოსწონთ სცენოგრაფიაზე მუშაობა და ექსპერიმენტსაც ამ სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პროექციის გამოყენებით ატარებენ. სწავლობენ ქართულ მოდერნულ სცენოგრაფიასაც – ირაკლი გამრეკელის, პეტრე ოცხელის და მათი თაობის სხვა თეატრის მხატვრების შემოქმედების ჩათვლით. მიაჩნიათ, რომ მათი ნამუშევრები თანამედროვე ქართული სცენოგრაფიისთვის დღემდე მიუღწეველ სიმაღლეებად რჩება.

 

ნამუშევარი პროექტ 12-ისთვის

პეტრე ოცხელის საიუბილეო ანიმაციისთვის, რომელიც stop motion-ის ტექნიკით შევასრულეთ, ძირითადად გამოვიყენეთ ოცხელის ის სცენოგრაფია, რომელიც მან მბრუნავი სცენისთვის შექმნა. სწორედ ეს ნამუშევარი გადავიტანეთ მოდელირებულ სივრცეში, რომელიც რეალური სცენის იმიტაციის მცდელობაა ერთი განსხვავებით – მბრუნავი სცენა ჩვენთან ორია. ისინი ერთმანეთის მიმართ მოძრაობს და მათზე განლაგებული დეკორაციები გადაკვეთის წერტილში ერთ მთლიან კომპოზიციას ქმნის. ფაქტობრივად, ოცხელის გარდაცვალების შემდეგ, მისი ესკიზების მიხედვით, დეკორაციების მაკეტები პირველად მომზადდა. ერთადერთი ელემენტი ანიმაციაში, რომელიც ოცხელის ორიგინალური ნამუშევარი არ არის, მისივე სტილითა და დეტალებით ჩვენ მიერ შექმნილი საიუბილეო ქუდია.

საბედნიეროდ, ჩვენი წარმოდგენები და თიბისის შემოთავაზება, პეტრე ოცხელის იუბილესთვის ანიმაციური კლიპი შეგვექმნა, ერთმანეთს დაემთხვა და, თუნდაც მინიატურულ ფორმაში, ჩვენი იდეები განხორციელდა.