logo image

პროექტი 12 პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილისადმი მიძღვნილ თიბისის პროექტებსა და ღონისძიებებს ერთგვარად აჯამებს. პროექტის ფარგლებში, ახალი თაობის არტისტებმა ოცხელის მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, ხელოვნებაში იდეისა და ფორმის განახლება სცადეს. მათ მხატვრის გზავნილები თანამედროვე ხელოვნების ვიზუალურ, ციფრულ, აუდიო, არქიტექტურულ თუ სხვა განზომილებებში გადაიტანეს. ოცხელის შემოქმედებასთან ერთად, პროექტის მიზანი ახალი თაობის ხელოვანების არტისტების წარმოჩენა და მათი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობაა. პეტრე ოცხელი არა მხოლოდ სცენის მხატვარი, არამედ კულტურული მესიჯების ადრესატია. ის იღებს ისტორიულ გამოწვევას და ქმნის ახალ გზავნილებს. არტისტის გამოწვევაა, მოიძებნოს გამოსახულების უახლესი საკომუნიკაციო ფორმები, რითაც მოხერხდება კულტურული იდენტობის პროგრესი და აღდგენა. ახალი თაობის არტისტები „12“-ისთვის სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობენ.

 

მორის ბლანშო, „სინათლის სიგიჟე“ 
 

2017 წელი რამდენიმე მიზეზით გვაბრუნებს პეტრე ოცხელის შემოქმედებასთან. მათგან პირველი კი, თიბისი ბანკის დაფინანსებით, ოცხელის ჯერ კიდევ უცნობი ნამუშევრების რესტავრაცია და მათი საგამოფენოდ მზადებაა. თიბისი ბანკისა და „ხელოვნების სასახლის “ მეშვეობით გამოიცა ოცხელის კატალოგი, რომელშიც მხატვრის ესკიზებია შესული.  ამ გამოცემით ჩვენთვის უკვე ცნობილია არა მხოლოდ მხატვრის ძირითადი პროდუქცია, არამედ შექმნის პროცესი, რომელშიც ის ფორმის აგებისა და მნიშვნელობის პრინციპებს საზღვრავს. 

ახლა, როდესაც პეტრე ოცხელი კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, საჭიროა რამდენიმე გარემოება აღინიშნოს. ოცხელის შემოქმედება ჩნდება მაშინ, როდესაც ირგვლივ ხელოვნების ყველა ფორმას და იდეას ტოტალურად სოციალური რეალიზმი იკავებს. ამის საპირისპიროდ, იზრდება იდენტობის და ქართველობის რაობის საკითხი. კონსტრუქტივისტული ფორმის განვითარებაც ეყრდნობა არა უშუა- ლოდ მოდერნიზმში პროგრესის იდეას, არამედ ქართულ მითოლოგიას და სიმბოლური ფორმაციას. 

ყველა ეპოქას, ისევე, როგორც ყველა ცივილიზაციას, საკუთარი საკომუნიკაციო სქემები აქვს, რომელთა მიხედვითაც იგება ენა, გამოსახულება, კულტურული ნიშნები და ა.შ. ისინი სიმბოლური სქემებია ვერტიკალებისა და ჰორიზონტალების; კოსმოლოგიისა და გეომეტრიის კვეთაა ფილოსოფიასა და ენასთან. 

ასეთი სქემებით ნებისმიერი კულტურა დროში განვრცობის საშუალებას იძენს და მაშინაც კი, თუ ის ძლიერი რეპრესიის ქვეშაა (იშლება, პროფანიზირდება, ან განიცდის ფიზიკურ ძალადობას), ცალკეული ადამიანებისთვის მისი მესიჯები კვლავაც წაკითხვადია. ამ ადამიანების შემოქმედებითი უნარის წყალობით კი კულტურული ღირებულებები ევოლუციას განიცდის. 

ქართული მოდერნიზმის, კერძოდ კი, ოცხელის შემთხვევაში, ეს კავშირები ძლიერია. მისთვის ნიშანდობლივი და გაცხადებულია ქართული მითოსური ნარატივი,  რომელშიც უპირატესია მზის გამოცხადება, სინათლის შემოქმედება. მზე ქართულში აისახება ყველგან, დაწყებული ვენახითა და ღვინით, დამთავრებული სიმღერითა და ცეკვით. ის უპირობო ცხოველია. ქართველი ავტორებიც ხშირად იმეორებენ მზის სიგიჟეს, როგორც წარმავალობაში დანახული უსასრულობის ექსტაზს. 

ოცხელის ნამუშევრებიც, სიმტკიცესთან ერთად, პირველ რიგში, ყოფ(ნ)ის ექსტაზს ასხივებენ - სავსე არიან ქართულ ცეკვის რიტუალური ფორმებით, როგორებიცაა: მზის მიღება, ან მზის განმკლავება, სხივის განფენა და მისი ჰაეროვანი აგიტაცია, ბრუნვა, როგორც მოძრაობის პირველსაწყისი, ვერტიკალების და ჰორიზონტალების მითოსური პოეტიკა, როკვა, როგორც ცხელ ზედაპირზე თამაში და ა.შ. 

დღეს, როდესაც ზოგიერთი მკვლევრის შენიშვნით, უკვე გუტენბერგის გალაქტიკასაც ვცდებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება ჩვენივე კომუნიკაციის ტიპების დადგენა. ოცხელი ამ კვლევა-ძიებაში არა მარტო ისტორიული, არამედ მითოსურ გასაღებიცაა. ალბათ ის, რაც გამოსარკვევია, არა მხოლოდ მის მიერ დანახულ კავშირებს, არამედ ამ კავშირების პერსპექტივებსაც მოიცავს. სხვა სიტყვებით: ოცხელი ნიშანდობლივია არა მხოლოდ, როგორც ფორმის ოსტატი, არამედ, როგორც ისტორიული მაკავშირებელი. აქ საგულისხმოა ერთი გარემოება (ე.წ. მითოლოგემა), რომელიც ყოფიერების შესახებ დასმულ ყველაზე კრიტიკულ კითხვებს გამჭოლი და შექცევადი მოძრაობით ანაცვლებს. ეს თავად სიცოცხლის მოძრაობაა სინათლისკენ, მისი პირველსაწყისისკენ. 

ასე, ოცხელის პერსონაჟებიც, მაქსიმალურ ასკეტიზმს ავლენენ ფორმისადმი, მათი ყოველი მოძრაობა უპირატესი აქტია, რომელიც პერსონაჟებს მათსავე თამაშზე მაღლა აყენებს. ოცხელი არა მხოლოდ სცენის მხატვარი, არამედ კულტურული მესიჯების ადრესატია. ის იღებს ისტორიულ გამოწვევას და ქმნის ახალ გზავნილებს. 

მისი გამოწვევა კი, არც მეტი, არც ნაკლები, მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების პრობლემას წარმოადგენს, მოიძებნოს გამოსახულების უახლესი საკომუნიკაციო ფორმები, რითაც კულტურული იდენტობის პროგრესი და აღდგენა მოხერხდება. ოცხელის მხატვრობა, დავით კაკაბაძის, ან ნიკო ფიროსმანის მსგავსად, გარდაუვალი სვლაა ღამიდან დღისკენ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ფიგურები ყოველთვის სიბნელით არიან მოცულნი, ისინი ამავე სიბნელეში აშუქებენ სინათლის გარდუვალობას და კულტურული მემკვიდრეობის, ან მეხსიერების კოორდინატების კვლავ აღმოჩენის იმედს იძლევიან.

 

ავტორი - დავით კოროშინაძე, ხელოვნებათმცოდნე

პეტრე ოცხელის ბიოგრაფია

 

თეატრის მხატვარმა, ქართული ავანგარდის გამორჩეულმა წარმომადგენელმა, მუდმივად თანამედროვე პეტრე ოცხელმა XX საუკუნის დასაწყისში, სულ 30 წელი იცხოვრა. 

ამ პერიოდის განმავლბაში მან მოასწრო 20-მდე სპექტაკლის და 1 ფილმის ესკიზების შექმნა;  ისეთ ლეგენდარულ რეჟისორებთან მუშაობა, როგორებიც კოტე მარჯანიშვილი და კონსტანტინე სტანისლავსკი იყვნენ; ქართული სპექტაკლის მხატვრობაში, დიზაინსა და ზოგადად  გრაფიკულ ხელოვნებაში რევოლუციური სტილის, უნიკალური ფორმისა და მარადიული იდეების შემოტანა, რომლებიც, საბოლოოდ, მისი მოღვაწეობის დასასრულის მიზეზად იქცნენ 1937 წელს, რეპრესიების დროს. 

პეტრე ოცხელი 1907 წელს ქუთაისში დაიბადა. 

1913-1918 წლებში პეტრეს ოჯახი მოსკოვში ცხოვრობდა, სადაც იგი ფრანგულ კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა. ქუთაისში დაბრუნების შემდეგ, 1920 წელს, 13 წლის პეტრე ქუთაისის რეალურ სასწავლებელში და მასთან არსებულ სამხატვრო სტუდიაში განაგრძობს სწავლას, 1926 წელს კი თბილისის სამხატვრო აკადემიაში ირიცხება. აკადემიაში მისი მასწავლებელი, იოსებ შარლემანი, ერთ-ერთი პირველია, რომელიც ოცხელის თვალსაწიერს აფართოებს და მის სამხატვრო ხედვაზე გავლენას ახდენს. 

1927 წელს „მუშათა თეატრში“ პირველი სპექტაკლი დაიდგა, რომელიც უკვე სტუდენტმა პეტრე ოცხელმა გააფორმა: ანატოლი ლუნაჩარსკის "ცეცხლის გამჩაღებლები". პირველივე საჯარო ნამუშევრით მან ქართული თეატრის ფუძემდებლის, კოტე მარჯანიშვილის ყურადღება მიიქცია. ლეგენდარული რეჟისორის მოწვევის შემდეგ, ოცხელი ქუთაისის თეატრის დასს შეუერთდა ისე, რომ სამხატვრო აკადემია არც დაუმთავრებია. 

ქუთაისის, თბილისისა და მოსკოვის თეატრებში 9-წლიანი კარიერის განმავლობაში, ოცხელი არაერთი, დღეს უკვე ქართული თეატრის კლასიკად აღიარებული სპექტაკლის მხატვარია. მათ შორისაა: „ურიელ აკოსტა“, „ოტელო“, „სურამის ციხე“, „ჯოი სტრიტ“, „ჩვენ გავიმარჯვებთ“...  მარჯანიშვილისა და ოცხელის პირველი ტანდემი 1929 წელს, „ურიელ აკოსტაზე“ მუშაობისას შედგა. აღნიშნავენ, რომ ოცხელის პროფესიულ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი სწორედ კოტე მარჯანიშვილს მიუძღვის. რეჟისორმა ახალგაზრდა მხატვრის მოდერნისტულ და კონსტრუქტივისტულ იდეებს სრული თავისუფლება მისცა, მეტიც, მხარი აუბა და მასთან ერთად გამორჩეული სპექტაკლები შექმნა. მაშინ, როცა კოტე მარჯანიშვილმა „ურიელ აკოსტას“ ესკიზები ნახა და მათი შემქმნელი გენიოსად შერაცხა, ოცხელი მხოლოდ 22 წლის იყო. 

 

 

1937 წელს კონსტანტინე სტანისლავსკიმ ჯუზეპე ვერდის „რიგოლეტოს“ დადგმისათვის კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც ოცხელის ესკიზებმა გაიმარჯვა. მოგვიანებით, წარმოდგენა ვეღარ დაიდგა.  

1937-შივე, ოცხელმა ლეო ესაკიას ფილმის „მფრინავი მღებავის“ ესკიზები შეასრულა. 

1937 წელს, 30 წლის პეტრე ოცხელი დახვრიტეს.

მხატვარი მოსკოვში, მალის თეატრში მუშაობის დროს, თავის მეგობართან, სერგო ამაღლობელთან ერთად, სტალინური რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ბრალდება შემდეგი იყო: „მოსკოვში ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბება“. 

სიკვდილის მიუხედავად, ოცხელის შემოქმედება XX საუკუნის 30-იან წლებშივე საბჭოთა რკინის ფარდის მიღმა ინაცვლებს. ჯერ კიდევ 1939-ში, ლონდონში გამართულ თეატრის მხატვართა საერთაშორისო გამოფენაზე, ოცხელის ესკიზები ოქროს მედლით დააჯილდოვეს.  

 

ვებგვერდზე გამოყენებულ პეტრე ოცხელის ორიგინალ ილუსტრაციებზე საავტორო უფლება ეკუთვნის ხელოვნების სასახლეს
(საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი).